საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) 7 მლნ. აშშ დოლარს გამოუყოფს m2-ის შვილობილ კომპანიას საერთაშორისო ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად

ნოემბერი 26, 2015

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, 7 მლნ. აშშ დოლარს საკრედიტო რესურსს გამოუყოფს  უძრავი ქონების შვილობილ კომპანიას საერთაშორისო ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, სასტუმრო ინფრასტრუქტურის ხარისხზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

ტურიზმი და მოგზაურობა საქართველოში სწრაფად განვითარებადი ორი სექტორია, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუმცა, დაბალბიუჯეტიანი და საშუალო ფენაზე გათვლილი სასტუმროების სეგმენტი პრაქტიკულად განუვითარებელია, რაც განაპირობებს დიდ განსხვავებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. თბილისში Ramada Encore–ს მშენებლობის დასაფინანსებლად ს.ს. უძრავი ქონების შვილობილი კომპანიისთვის IFC–ის მიერ გამოყოფილი სესხი სწორედ ამ სხვაობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

”მრავალი წელია IFC–სთან წარმატებით ვთანამშრომლობთ, ამ ახალი პროექტით ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში სასტუმროების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას,”- აღნიშნა „m² უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

152 ნომრიანი სასტუმრო პირველი ნაბიჯი იქნება გეგმის შესრულების მიმართულებით, რომელიც გულისხმობს თბილისში და, შესაძლოა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, 300 მეტი ხელმისაწვდომი სასტუმრო ნომრის მშენებლობას. ამასთან ერთად, სასტუმრო გეგმავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით.

“ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას, განსაკუთრებით ბიზნესინფრასტრუქტურის კუთხით, მსგავსად დაბალბიუჯეტიანი და საშუალო ფენაზე გათვლილი სასტუმროების დაფინანსებისა, რადგან ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობას შეუძლია ბიზნესის და ტურიზმის განვითარების წახალისება”, - აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. მისივე თქმით, “სასტუმროების სექტორი განაპირობებს მცირე ბიზნესის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მშნებელობის პროცესში და ასევე ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.”

პროექტის დასრულების შემდეგ თბილისში გახსნილი სასტუმრო Ramada Encore უზრუნველყოფს 100-ზე მეტ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილს. სასტუმროების და ტურიზმის სფეროებში სამუშაო ადგილების შექმნას ხშირად მულტიპლიკატორის ეფექტი აქვს და არაპირადპირ უწყობს ხელს ბევრ სხვა სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც განვითარებად ქვეყნებში IFC–ის მიერ სასტუმროების ინდუსტრიის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. 1956 წლის შემდეგ IFC–იმ განახორციელა დაახლოებით 2.7 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტირება 276 ტურისტულ და სასტუმროებთან დაკავშირებულ პროექტში 90 ქვეყანაში. ამასთან, ამ ინვესტიციების ნახევარი განვითარებად ქვეყნებში იქნა განთავსებული.


მსგავსი სიახლეები