როგორ დავგეგმოთ განათება და ელ. წერტილები ინტერიერში

ივლისი 14, 2021

განათება ინტერიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც მას საინტერესო, მყუდრო, კომფორტულ და განსაკუთრებულ სივრცედ აქცევს.


-ში არსებული სტანდარტების შესაბამისად, მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც დაგეხმარებათ სწორად და პრაქტიკულად გაანაწილოთ განათების წერტილები ბინაში:
• ოთახის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა ჭერის განათება დაიყოს ზონებად.
• ჰოლში, რამდენიმე წერტილის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია განათება იყოს წერტილოვანი, რათა არ მოხდეს სივრცის გადატვირთვა.
• საერთო ოთახში, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია, უკეთესია გააკეთოთ ინდივიდუალური სანათი და ჩამრთველი. ძალიან აქტუალურია სამზარეულოს ზონაში ე.წ. რელსის სანათი, რომელიც იძლევა საშუალებას სინათლე მიმართოთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით. საერთო ოთახში სანათი უმჯობესია გააკეთოთ ოთახის ცენტრში. ასევე, დამატებით ძალიან მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის სასადილო მაგიდის თავზე არსებული განათება.


• საძინებელში, ტუმბოებთან შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ჭერიდან დაშვებული, ისე ტუმბოს/მაგიდის სანათი. განათება არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი, რათა შენარჩუნდეს მშვიდი და ჰარმონიული გარემო. აქტიურად გამოიყენება ე.წ. რელსის სანათი და საფარდე ჭრილის განათება, რომელიც საძინებლის ინტერიერს მყუდროს ხდის.
• რადგან თავს ძირითადად სველ წერტილში ვიწესრიგებთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი განათება. სასურველია, ჭერის განათება იყოს მკვეთრი ნათების. სანათი დაგვჭირდება სარკესთანაც, ასევე აქტუალურია სარკე განათებით.
• ჩვენს კომპლექსებში აივნის განათებას ძირითადად ვაკეთებთ კარის თავზე, თუმცა შესაძლებელია დაიგეგმოს აივნის ჭერის ცენტრშიც.



ელ. წერტილების სწორი განლაგება ბინაში ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული ცხოვრებისთვის. m2-ში გამოყენებული სტანდარტების თქვენთვის გაცნობით, შევეცდებით გაგიადვილოთ მომავალში ელ. წერტილების დაგეგმვის პროცესი:
• ჰოლში კართან მაქსიმალურად ახლოს უნდა განთავსდეს დომოფონი და განათების ჩამრთველი. ელ. კარადა სასურველია გააკეთოთ ჰოლის კარადაში ან შემოსასვლელი კარის უკან, რომ არ იყოს თვალში მოსახვედრი. მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ კონსოლის დადგმის საჭიროება და ამ შემთხვევაში მისი განათებისთვის გავითვალისწინოთ როზეტი.
• ჩვენს პრაქტიკაში სამზარეულოს ტექნიკისთვის განკუთვნილ როზეტებს ვაკეთებთ ქვევით, სამზარეულოს კარადების უკან, ისე, რომ არ ჩანდეს, ხოლო სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე სასურველია მინიმუმ ორი როზეტის არსებობა, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია სამზარეულოს ზომაზე.



• დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, როდესაც ტექნიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სასურველია ყველა სივრცესთან სადაც ხშირად ვართ - დივანი, სასადილო მაგიდა, ყავის მაგიდა და ა.შ. გავაკეთოთ როზეტები. ასევე, თუ დამატებით სანათის/ტორშერის დადგმას გეგმავთ დივანთან ან ყავის მაგიდასთან, წინასწარ უნდა განისაზღვროს მისი ელ. წერტილი.
• ტელევიზორის წერტილის განსაზღვრამდე აუცილებელია თავიდანვე გათვალოთ მის დადგმას აპირებთ, თუ კედელზე დაკიდება გსურთ. ამის მიხედვით უნდა მოხდეს შესაბამის სიმაღლეზე წერტილების დაგეგმვა.



• საძინებელში, საწოლის ზომის და სტილის შესაბამისად ვაკეთებთ ტუმბოს როზეტების მდებარეობის განსაზღვრას.
• ჩვენთვის, ჩვენი მობინადრეების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სველ წერტილში როზეტს და ჩამრთველს ვაკეთებთ ნიჟარისგან მოშორებით და ოდნავ ზევით.
• რაც შეეხება აივანს, აუცილებელია გაკეთდეს გარე სამომხმარებლო როზეტი, ისეთ კედელზე და სიმაღლეზე, სადაც წვიმის წყალი ნაკლებად მოხვდება.
• წინასწარ უნდა განისაზღვროს ბინაში და საქვაბეში კონდიციონერისთვის განკუთვნილი გაყვანილობა, ასევე გათბობის ქვაბისთვის ელ. წერტილები.
• ელ. ფურნიტურის ფერის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ინტერიერში არსებული ფერები, მაგალითად, თუ შიდა კარი არის თეთრი, ასევე აბაზანაში თეთრი ფურნიტურაა უმჯობესია გავაკეთოთ თეთრი ჩამრთველები და როზეტები. მუქი კარების, შავი სამზარეულოს ტექნიკის და შავი შემრევების შემთხვევაში, ელ. ფურნიტურაც უმჯობესია გავაკეთოთ შავი;
• სასურველია ბინის ყველა სანათი და ელ. ფურნიტურა ჰარმონიაში მოდიოდეს. ერთმანეთთან და კარგად ერწყმოდეს ბინის დიზაინის კონცეფციას.

ნინო ელისაშვილი - -ის ინტერიერის დიზაინერი