რემონტი საკმაოდ შრომატევადი და სირთულეებით დატვირთული პროექტია, დიახ პროექტი - შეხედეთ მას როგორც მორიგ პროექტს, რომელიც უნდა დაიწყოთ სწორად და დაამთავროთ გონივრულ ვადაში. ხშირად ადამიანები უშვებენ ისეთ შეცდომებს, როგორიცაა სხვადასხვა სამუშაოების არათანმიმდევრულობა, მასალების არასწორი რაოდენობით შეძენა და არასწორი ვადები; რასაც საბოლო ჯამში მივყავართ ქაოსამდე, არასასურველ შედეგამდე და რაც მთავარია უხარისხო შესრულებამდე. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ეტაპს რის მიხედვითაც შეძლებთ სწორად წარმართოთ თქვენი პროექტი სახელად „რემონტი“:
1. მოძებნეთ კომპეტენტური ხელოსნების ჯგუფი, დარწმუნდით მათი ნამუშევრების ხარისხიან შესრულებაში, დათქვით კონკრეტულ სამუშაოზე კონკრეტული ვადა და ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ჩაიბარეთ შესრულებული სამუშაო. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, რადგან m² ბინებს რემონტის სრული პაკეტით გთავაზობთ, ეს საკითხი სრულად თქვენგან დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა ჩვენც ზუსტად იგივე პრინციპით ვმუშაობთ;
2. პირველ რიგში ბინაში ხდება კედლების წყობის დაგეგმარება, შემდეგ კი მიმდინარეობს ელექტროობის, წყალ-გაყვანილობა/კანალიზაციისა და გათბობა/გაგრილების დაქსელვა - ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი გულდასმით და ყურადღებით გაიარეთ. m²-ის მიმდინარე პროექტებში გათბობის შემთხვევაში მობინადრეებს ვთავაზობთ კოლექტორულ სისტემას, რაც გულისხმობს ცალ-ცალკე ოთახების დამოუკიდებლად რადიატორების ჩართვას და გამორთვას, ასევე განსაზღვრავს ბინის ენერგოეფექტურობას. ბინაში ყველა კომუნიკაციის მოწყობის შემდეგ ხდება კედლების მოპირკეთება;
3. კედლების ბათქაშის გალესვის შემდეგი საფეხურია იატაკის მოჭიმვა, ამ ეტაპზე უკვე საჭიროა გადაწყვიტოთ თუ როგორ იატაკს შეიძენთ სამომავლოდ, იქნება ეს ლამინატი, სამშრიანი პარკეტი თუ მასიური ხის იატაკი; ვინაიდან ყველა მათგანს სხვადასხვა სიმაღლის იატაკის მოჭიმვა სჭირდება იმისათვის, რომ არ იყოს ოთახებს შორის იატაკის დონეების სხვაობა. m²-ის ბინებში ეს დეტალი მკაცრად არის დაცული, შესაბამისად იატაკზე დონეებს შორის განსხვავებას ვერ შეხვდებით;
4. იატაკის მოჭიმვის შემდეგი ეტაპი გახლავთ ჭერის მოწყობა. წინასწარ განსაზღვრეთ როგორი დიზაინით გსურთ ჭერი; თანამედროვე დიზაინში ხშირად გვხვდება ბეტონის ჭერი, თუ აპირებთ დატოვოთ ბეტონი, ის აუცილებელია სპეციალური გრუნტით დაფაროთ, რათა თავიდან აიცილოთ ბეტონის ნაწილაკების მუდმივი მტვერი. თუ თაბაშირმუყაოს ჭერს გადაწყვეტთ, აქაც წინასწარ განსაზღვრეთ დონეები, ასევე საფარდე ჭრილები;
5. ჭერის მოწყობის პარალელურად შეგიძლიათ სველი წერტილის დაგეგმვაზეც იფიქროთ. სანამ შეიძენთ აბაზანის ფურნიტურას, აუცილებლად წინასწარ გათვალეთ მათი ტექნიკური პარამეტრები და წყობა. იმ ადგილას, სადაც წყალი დიდი ნაკადით ხვდება, ფილების ქვეშ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია. ასევე აუცილებელია შეარჩიოთ წყალგაუმტარი ხარისხის ფუგა (ფილებს შორის შემავსებელი). ფილების შეძენისას დააკვირდით თუ რისთვის არის განკუთვნილი, ხშირად უშვებენ შეცდომას და კედლის ფილას აკეთებენ იატაკზე, რაც დაუშვებელია. უკეთესი ვიზუალის მისაღებად არ გამოიყენოთ ე.წ. კუთხოვანა გადამყვანები, უმჯობესი იქნება თუ ხელოსანი 45 გრადუსიანი ჭრით დაამუშავებს ფილებს;
6. როდესაც სველი წერტილისა და სამზარეულოს ფილების მოწყობას დაასრულებთ, შეგიძლიათ კედლების სამღებრო სამუშაოებზე იფიქროთ. m²-ის ბინებში კედლებზე ხშირად ვიყენებთ ფლიზელინის ქაღალდ-შპალერს, ვინაიდან მისი ღებვა სხვადასხვა ტონალობის ფერში მარტივადაა შესაძლებელი;
7. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბინაში უნდა დაეგოს იატაკი, მოეწყოს შიდა კარი და პლინტუსი, ასევე დამაგრდეს როზეტ-ჩამრთველების ელ. ფურნიტურა, რაც სრულად დასრულებულ სახეს აძლევს ბინას.
იმისათვის რომ ბინას, თქვენი ინდივიდუალიზმი შესძინოთ, დაიწყეთ ავეჯის, დეკორისა და სანათების შერჩევა, ვინაიდან სწორედ ეს დეტალები ქმნიან ჰარმონიას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ანანო მეგრელიშვილი - m²-ის ინტერიერის დიზაინერი