როგორ მოვაწყოთ აივანი?

სექტემბერი 06, 2021

ხშირად ადამიანები, განსაკუთრებით კარგ ამინდში, დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აივანსა თუ ტერესაზე ატარებენ, ამიტომ უმჯობესია თუ ამ ფართის დაგეგმვასა და სიმყუდროვის შექმნაზე მეტ ენერგიას დახარჯავთ. ვეცდებით ჩვენი გამოცდილებით გაგიზიაროთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

თავდაპირველად გაზომეთ საზაფხულო ფართი (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე) და შემდეგ დაიწყეთ ფიქრი, თუ როგორ მოაწყობთ მას. m²-ის ბინებში, აივნების მოაჯირის სიმაღლე ყველგან 1,10მ-ია, ხოლო მოაჯირის ტიპი მაქსიმალურად მორგებულია ბავშვის უსაფრთხოებაზე. ჩვენს პროექტებში დიდი ყურადღება ექცევა საქვაბისა და კონდიციონერის გარე აგრეგატის მოწყობის ადგილს, ყველა ბინაში ეს ტექნიკური დეტალი ჩაშენებულია სპეციალურად განკუთვნილ კარადაში, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას და ასევე ვიზუალურ მხარეს.





გამოიყენეთ მეტი ბუნებრივი მასალა, ხე, ბამბუკი, მოწნული ტიპის ავეჯი და ა.შ. რადგან საზაფხულო ფართი ბუნებასთან და ეზოსთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, m²-ის ბინებში იატაკზე ხშირად ვიყენებთ ხის ფაქტურის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილას.


განათება - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია თქვენი ფართი ვიზუალურად გაზარდოს, საღამოს კი მეტი სიმყუდროვე შექმნას. ყურადღება მიაქციეთ როზეტებს და ეცადეთ მასთან ახლოს განათავსოთ სამომავლოდ ავეჯი. როზეტების დახმარებით, კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის სანათი. m²-ის პროექტების დაგეგმვისას, ყველა ბინის აივანზე აუცილებლად ერთ გარე გამოყენების როზეტს და სანათს ვითვალისწინებთ.





მყუდრო და კომფორტული ავეჯი - აქ სრულიად თქვენს გემოვნებას უნდა მიენდოთ. მთავარია სწორად განსაზღვროთ თქვენს მიერ შერჩეული ავეჯის გაბარიტები, რათა სივიწროვე აირიდოთ თავიდან. ასევე, ყურადღება მიაქციეთ მასალას, რადგან როგორც წესი, აივნის ავეჯი უფრო მალე გამოდის მწყობრიდან ვიდრე ინტერიერის, ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე ავეჯის შერჩევა, გარე კლიმატის გათვალისწინებით. უმჯობესია, პატარა ფართისთვის შეიძინოთ ან დაამზადებინოთ სავარძელი/დივანი, რომელსაც ექნება დამატებითი სათავსო. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანსფორმირებადი მაგიდა, რომელსაც მარტივად დაკეცავთ ან გაშლით.

ტექსტილი და დეკორი - სასურველია სხვადასხვა ტექსტილის გამოყენება, ჩალი, გობელენი, მოწნული ნივთები, ბალიშები და ნოხი მეტი სიმყუდროვისთვის. ფერების შეცვლა და გადახალისება პერიოდულად მარტივად შესაძლებელია ბალიშების მეშვეობით. გარდა ვიზუალური მხარისა, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ წყალგამძლე ტექსტილს, რომელიც გათვლილია გარე გამოყენებისათვის. ტექსტილი და დეკორი არის ის ნაწილი, რომელიც ასრულებს და საბოლოო სახეს აძლევს დიზაინს.





გამწვანება - ალბათ დამეთანხმებით, რომ აივანი გამწვანებისა და მცენარეების გარეშე მთელ ხიბლს კარგავს. გამოიყენეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის მცენარეები, რომლებიც შეგიძლიათ დაკიდოთ ჭერზე ან მოაჯირზე, ან უბრალოდ დადგათ დიდი ქოთნით. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ფლორისტთან და სწორად შეარჩიეთ მცენარეები მზიანი თუ ნაკლებად მზიანი ადგილებისთვის.

ყველა ზომის აივანსა თუ ტერასაზე შეგიძლიათ შეიქმნათ სიმყუდროვე და თქვენთვის სასურველი გარემო. მნიშვნელოვანია არა აივნის ფართი, არამედ რამდენად სწორადაა დაგეგმილი და გააზრებული არსებული სივრცე. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი კი დაგეხმარებათ მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე.

ანანო მეგრელიშვილი - -ის ინტერიერის დიზაინერი