პირველი საკონკურსო ეტაპი, რომელიც m²-მა და Homeis.ge-მ ერთობლივად გამოაცხადა, დასრულდა. I ტურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
უამრავი საინტერესო და კრეატიული ჩანახატიდან 15 შეირჩა და ავტორებმა უკვე მიიღეს 25 მარტამდე წარმოსადგენი ახალი დავალება.
დასახელდება 3 რჩეული, რომლებიც ფულად ჯილდოს, გუდაური ლოჯის ვაუჩერსა და m²-ში კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შეთავაზებას მიიღებს!
თუ გსურთ ავტორების ნამუშევრების წაკითხვა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქვე.
ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ კონკურსანტს მონაწილეობისთვის, გამარჯვებულებს კი ვულოცავთ შემდეგ ტურში გადასვლას.
წარმატებებს გისურვებთ!
"სახლი არის სინათლე და სიმყუდროვე შენს ცხოვრებაში.
სახლი იმ ადამიანების კრებითი სახელია, რომლებსაც უპირობოდ უყვარხარ.
სახლი არის რამდენიმე აგურით აწყობილი სივრცე, რომელიც სითბოსა და დაცულობას ნიშნავს. სად შენ ხარ ის ვინც ხარ. სადაც შეგიძლია კამუფლაჟის გარეშე იყო. სადაც შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც გიყვარს. სადაც სიყვარული იმარჯვებს სხვა დანარჩენზე.
სახლი ადგილია, სადაც ის მელოდია ჟღერს რაც გულს უხარია. ადგილი, სადაც მხოლოდ სიყვარულით მომზადებული კერძის არომატია.
სახლი კედლებისა და ჭერისგან შემდგარი სივრცეა, სადაც მთელი დღის ორომტრიალში დათრგუნულ და ჩაკარგულ შენს თავს პოულობ და თავიდან აკოწიწებ ახალი დღისთვის, ახალი ბრძოლებისთვის, ახალი მწვერვალებისთვის.
სახლი შენი შინაგანი სამყაროა, რომელიც შეგიძლია მოაწყო ისე, როგორიც ხარ ან როგორიც გინდა რომ იყო.
სახლი კომფორტის ზონაა, სადაც გაქვს უფლება ყველაფერი დაივიწყო და მხოლოდ იმაზე იფიქრო რაც გულით გინდა.
სახლი სამოთხეა, სადაც ვაშლის ხე და გველი მხოლოდ მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს იქ, თუ შენ მოგინდება ასე.
სახლი შენი (M) კვადრატია, სადაც იმ სიჩქარით და ტრაექტორიით მოძრაობ, რომელიც გინდა ან გჭირდება.
სახლი ოცნებების ახდენაა."
კონკურსანტი: ირმა პაპუნიძე
"რა არის სახლი? სახლს, როგორც წესი, აქვს კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე კარები, ფანჯრები და ოთახები. შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სართული, სახლში ცხოვრობს ადამიანების დიდი ან მცირე რაოდენობა. თუმცა, სახლი მხოლოდ ის არ არის, რასაც აღნიშნავს. დიდი ძალისხმევა სჭირდება სივრცის, სახლად გადაქცევას. აქ არ იგულისხმება ავეჯი და დეკორაციები, მთავარი ის განცდაა, რომელიც გვექმნება ყოველთვის, როდესაც შესასვლელ კარს გავაღებთ და შინ შევდივართ.
სახლი არის სიხარული, დარდი, სევდა, შიში, სიყვარული, რისხვა - ყველა ემოცია, რომელთა გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
ჩვენ შეიძლება ბევრ ადგილზე ვიცხოვროთ, მაგრამ მხოლოდ ერთეულს თუ ვუწოდებთ სახლს. მთავარი ხომ, არა სადმე ღამის გათენება, არამედ ისაა - სად ვგრძნობთ თავს მშვიდად, სიჩუმეში?!
ზუსტად არავინ იცის როდის ვარქმევთ რაღაც ადგილს სახლს, ეს გაუცნობიერებლად ხდება. შეიძლება ასეთი ადგილი ადრეულ ასაკში ვიპოვოთ, მაშინ როცა მუხლებ გადატყავებული, ეზოდან გავრბივართ იქ, სადაც ჩვენზე იზრუნებენ და სულს შეგვიბერავენ ან მოგივანებით, როცა ზაფხულის ერთ დღეს, სადარბაზოს კიბეებზე ახლად მოდუღებული მურაბის სუნი გაგვაღიმებს ან შესაძლოა კიდევ უფრო გვიან, როცა დაღლილი, სახმსახურიდან დაბრუნებული, სავარძელში ჩავეშვებით და მოვდუნდებით. მთავარია ცხოვრების მანძილზე, ერთი ასეთი ადგილი ვიპოვოთ და სახლი დავარქვათ.
სახლი თავისი არსით, პატარა სამყაროა. ის შეიძლება იყოს ჩვენი სამუშაო ადგილი, სკოლა, სპორტული დარბაზი, რესტორანი ან კინოთეატრიც კი… სახლებმა, დროთა განმავლობაში, ყველა ეს ფუნქცია შეითავსა, მაგრამ ბოლო დროს, თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, თითქოს სახლი დროებითი თავშესაფარი გახდა და ნიშა დაკარგა.
თუმცა, ჩვენ უცნაურ რეალობაში, მაშინ როცა ეპიდემიები და ომები ერთმანეთს ენაცვლება, ყველამ თავიდან გავაცნობიერეთ, რომ სახლი მხოლოდ რაღაც შენობის ჭერქვეშ ყოფნას არ ნიშნავს და დღეს, ზუსტად ვიცით, რომ - “სახლი არ არის ადგილი, სახლი ეს არის განცდა!"
კონკურსანტი: ანი კაკურია
"ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები, ლამაზი ხედი აივნიდან, ყველაფერთან სიახლოვე.. მაინც რა არის მთავარი სახლში..
მთავარი ყველგან და ყოველთვის ურთიერთობებია.
ურთიერთობა ქმნის გარემოს და შეგრძნებებს, რომელიც სულ გვახსოვს, რომელსაც სულ ვგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, მეგობრებთან ურთიერთობა ან თუნდაც საკუთარ თავთან ურთიერთობა არის ის, რის გარეშეც შეუძლებელია.
სახლი სწორედ ურთიერთობებია, ის რის გარეშეც შეუძლებელია.
ის არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი, რადგან სახლში მთავარია შეგრძნებები და მოგონებები.
შეგრძნება, რომ აქ ყოველთვის გელოდებიან.. შეგრძნება, რომ სახლი არის ადგილი, სადაც ბოლომდე შეგიძლია იყო საკუთარი თავი.. შეგრძნება, რომ აქ სულ შეგიძლია განმარტოვდე.. სახლი არის მოგონებები ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან თუნდაც, შინაურ ცხოველთან ერთად.. შეუცვლელი ადგილი ფილმების საყურებლად, მეგობრებისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, გასართობი სივრცე, საუკეთესო რესტორანი, სადაც სულ გემრიელი სუნი ტრიალებს.. სახლი, ეს არის ურთიერთობები და შეგრძნებები, რომელსაც ჩვენ თავად ვქმნით..
ის არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი, რადგან ჩვენი სახლი, ჩვენი სარკეა.
ის არის შესაძლებლობა გამოავლინო საკუთარი თავი, იყო შემოქმედებითი და შენი ხედვები ნივთებში, ავეჯსა და ოთახებში გააცოცხლო. შეაგროვო ნახატები კედელზე, მოუარო მცენარეებს, ითამაშო ფერებით - შეუხამო სკამი ან მაგიდა ინტერიერს, გააცოცხლო შენთვის საყვარელი მოგონებები სურათებში, თაროებზე.. სწორედ ეს არის ურთიერთობა, რომელსაც სახლი გაძლევს.. ურთიერთობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია..
სახლი, არის ადგილი, რომელიც სულ გენატრება - მოგზაურობისას, სამსახურში ყოფნის დროს, ფორმალურ შეხვედრებზე, გარეთ ყოფნისას, სიცხეში ან სიცივეში, რადგან იცი, რომ სახლში გემრიელი სადილი, რბილი საწოლი და ტელევიზორი გელოდება, შენს საყვარელ დივანთან ერთად...
აქ სიმშვიდე გელოდება.
სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი..."
კონკურსანტი: თათია მინაშვილი
"სახლი, რომ ოთახში ჰაერზე მეტია ამას მაშინ მივხვდი, როდესაც პირველად შევაბიჯე გაჯის, ცემენტის, ელექტრობის, “რაზვადნოი კლუჩის“, წებო ცემენტის სამყაროში. სახლის შენება და რემონტი რომ ჩემთვის შვილივით იყო, ამას მაშინ მივხვდი, როცა შპალერის გამო კინაღამ ოჯახი დავანგრიე.
სახლი რომ ჩემთვის სილამაზის სიმბოლო იყო, მაშინ მივხვდი, როდესაც გვერდიგვერდ მდგომი „ესთეტიკური ცენტრის“ და „სამშენებლო მასალებს“ შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერე...ესთეტიკური ცენტრიდან კი ხელს მიქნევდნენ ეთერი, ნანული, რობერტ,ლელა, ირმა, მამუკა, 4 გია და აღარ გავაგრძელებ… არ მინდა ვინმე გამომრჩეს.
მე კი: - “ერთ კვირაში ვამთავრებთ და აუცილებლად მოვალ, ჩამწერეთ გოგოებოოო“! ერთი კვირა რომ ერთი წელი გახდა არც ამაზე გავაგრძელებ, არ მინდა ჩემი ნერვების ომი ამ ბლოგში ჩავაშენო. რემონტი განსაკუთრებით რთული პანდემიის დროს არის, მაშინ როცა სახლშიც კი პირბადით მოძრაობ და გაფაციცებით აკვირდები ვინმე ხომ არ აცემინებს?! ვინმეს ხომ არ ახველებს?! იქნებ მტვრის ბრალია? ააა სეზონური ალერგია... ან იქნებ ის არის 2 წელი რომ არ გხვდება და თავისი ფეხით მოვიდა შენთან. . . სახლის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა კიდევ უფრო შესამჩნევი მაშინ ხდება როცა შენ ონლაინ მუშაობ, ონლაინ არჩევ სამშენებლო მასალებს და მესამეკლასელი შვილი ონლაინ გაკვეთილზე გამოთქმით კითხულობს ლექსს „სახლი“ მის ხმას ამშვენებს „ბალკების“ ხერხვის ხმა:
„ჩიტს ბუდე აქვს, დათვს - ბუნაგი, ციყვს - ფუღურო, თაგვს კი სორო. ყველა თავის ბინას აგებს, ყველა თავის სახლში ცხოვრობს“
აი მაშინ ხვდები, რომ ცოტაც უნდა გაუძლო, რემონტი მალე მორჩება, 1 კვირა დარჩა სულ 1 კვირა. იმასაც ხვდები, რომ შეგეძლო ეს პერიოდი სადმე წასულიყავი, წყანარად გეცხოვრა და არ გეფიქრა მთელ ამ აურზაურზე, მაგრამ მე ვერ დავტოვე, ვერ მივატოვე და ვერ მივანდე ბედს ჩემი სახლის ახალი სიცოცხლე ე.წ რემონტი.
ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ვაკადრო ჩემს სახლს რომ, ის მხოლოდ კედლები და ჭერია. თუ გაიგო, რომ უსულო არსებაა, ალბათ, პატრონივით გადაირევა."
კონკურსანტი: სალომე გორგოშიძე
"პარასკევი... 17:59... ლეპტოპი ჩანთაშია, საფულე - შარვლის უკანა ჯიბეში, ტელეფონი... ღმერთო, ნუთუ ისევ ნათელას კაბინეტში დამრჩა?! იმედია, ისევ რაიმე თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო დროზე ადრე არ გაიქცა ოფისიდან და შაბათ-კვირას უტელეფონოდ არსებობისთვის არ გამწირავს...
ნათელა ქმარს გაშორებული შუა ხნის ქალია. პრინციპში, რა შუა ხნის, ან რა ქალი?! 35 წლის იქნება ალბათ სულ, მაგრამ ბედის უკუღმართობამ, ასაკისთვის შეუფერებლად ტრანსფორმირებული ჰაბიტუსით დაასაჩუქრა და მგონი, მარტო მე ვიცი, როგორი გულჩვილი და ბავშვური ნათელა იმალება ამ ერთი შეხედვით, არც თუ ნათელი სახის მიღმა.
ორი შვილი დარჩა. ერთი სულ ავადმყოფობს. ან იტყუება დედამისი, სამსახურიდან შინ სამუშაო საათების დასრულებამდე გასაქცევად, კაცმა არ იცის... ერთი კი ფაქტია, ნაქირავებ „ხრუშოვკაში“ ისეთი ენთუზიაზმით მიკუნტრუშებს ხოლმე, გეგონება ჩემთან უშვებდეს მეზობელი წამდაუწუმ წყალს, ან ჩემს იპოთეკით დატვირთულ 46 კვადრატს უქიქინებდეს ქარი ყოველ ღამე ყველა ღრიჭოში.
„ჩემთვის სახლი ჩემი შვილების ჩახუტებაა“ - ხშირად ამბობს ხოლმე... მე კი სულ მიკვირდა, როგორ ჰყოფნის ადამიანს ასე ცოტა ბედნიერებისათვის? კი, კი, ნამდვილად ცოტა... აბა მიდი და ბანკში ყოველთვიური შენატანი იხადე, დაუსრულებელ რემონტზე იდარდე, ის ასაწყობი კარადა რომ იყიდე (რა თქმა უნდა გავუმკლავდები, რა უნდა იყოს ასეთი) მართლა კარადას დაამსგავსე, იატაკზე მიგდებულ მატრასზე გამოძინებაც მოახერხე და ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარი ბინის ფლობის სიამაყით ავსებულმა, გარშემო ყველას ურჩიე ათწლოვან იპოთეკურ უღელში თავის გაყოფა, მარტოსულად რომ არ იგრძნო თავი... აი რა არის სახლი.. რა ჩახუტება... რა სენტიმენტები... ღმერთმანი...
- ჯეკო, მესიჯი მოვიდა და ხმაზე ვიცანი შენი ტელეფონი. ამწამს ვკეტავდი კაბინეტს! - მახარა ნათელამ.
- ჰეფი ბანკი - გადახდა - სესხის მომსახურება 666 ლარი. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ - Home Sweet Home..."
კონკურსანტი: არჩილ გელაშვილი
"სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ შესახებ უამრავი რამის თქმა შეუძლია. შეუძლია მოჰყვეს ამბები, დააარქივოს მოგონებები, გასცეს ჩვენი საიდუმლოებები. ზოგჯერ, ჩვენგან დაუკითხავადაც კი ისაუბროს ჩვენზე.
სახლი გამოგვხატავს
ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სახლი, დამოკიდებულია იმაზე, რა მოგვწონს და რატომ მოგვწონს, საიდან მოგვდის იდეა და რა არის ჩვენი მოტივატორი.
იმის გათვალისწინებით, რომ სახლს შეუძლია ჩვენი იდეების ვერბალიზაცია, ის ჩვენი ექსპრესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება, ერთგვარ სარკედ, რომელშიც, თუ ჩავიხედავთ, შეიძლება ისეთ სენსიტიურ და საკამათო რამესაც მოვკრათ თვალი, როგორიცაა გემოვნება.
სახლი ინტერაქციულია
ვუყურებთ კედლებს, ისინი კი საპასუხოდ გვიყურებენ ჩვენ.
ცარიელ კედელს თავისუფლად შეუძლია ექსპრესიულობაში კონკურენცია გაუწიოს მონდრიანით დამშვენებულ კედელს. მინიმალიზმიც, ისევე როგორც ტექსტურითა და არქიტექტურული დეტალებით, ან ხელოვნების ნიმუშებით გაჯერებული დიზაინი, ორივე მთხრობელია და ჰყვებიან ერთ ამბავს - ვინ ვართ ჩვენ, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, საკუთარ თავს, რა არის ჩვენთვის ღირებული.
სახლი „თავშესაფარია“
ის, რის წინაშეც მაკრო სამყაროში უძლურნი ვართ, მიკროში სრულად ჩვენ ხელთაა - რჩეული ფერები, ფაქტურები, დეკორაცია, განათება, ავეჯი, ნახატები, ფოტოები, მცენარეები ჩვენი კომფორტული, მყუდრო და უსაფრთხო მიკრო სამყაროს მატერიალური თანაშემქმნელები არიან. სახლში ჩვენი სამყარო შეგვიძლია ისეთი იყოს, როგორიც ჩვენთვისაა მისაღები.
სახლი ცოცხალია
სახლი ჩვენთან ერთად იღვიძებს და იძინებს, რასაც ბუნებრივი სინათლისა და განათების მეშვეობით გამოხატავს.
ენერგეტიკა, რომელსაც ვატარებთ და წარმოვშობთ თავად ან თანამაცხოვრებლებთან ერთად, კედლებს შორის, უხილავად ბუდობს.
სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვიზრდებით, გამოვხატავთ ემოციებს, ვიგებთ მნიშვნელოვან ამბებს, ვმუშაობთ, ვგეგმავთ და ვქმნით, ვიღებთ შთაგონებას, ვაჟღერებთ მუსიკას, ინახავს უთვალავ მოგონებას, რომლითაც გაჟღენთილია კედლები.
საერთო ჯამში, ნივთებთან ერთად, არახელშესახები მატერიები ქმნის ჩვენ მიერ ხშირად ნახსენებ „აურას“, რაც მთავარი მტკიცებულებაა იმისა, რომ სახლი არის."
კონკურსანტი: ნატალია ფირცხალავა
"სახლი სიმშვიდეა....
სახლი ჰარმონიაა....
სახლი იმ კედლების ერთიანობაა, რომელსაც ოცნება შეასხი და განახორციელე, ან უკვე არჩეული სახლის კუთხე ისე მოაწყვე, რომ თავი კომფორტულად გეგრძნო. ემოციური დღის შემდეგ, როდესაც ერთადერთი რაც გინდა, დივანზე თბილად მოკალათება და საყვარელი სერიალის მორიგი სერიის ყურებაა, ან უქმე დღეს საბანში გახვევა და მთელი დღის საწოლში გატარება.
სახლი ხმების ერთიანობაა....
დილით საუზმეზე ფინჯან ყავასთან რომ ერთიანდება, გარედან შემოსული ჩიტების ხმა ბავშვების ჟრიამულთან, ქუჩაში ადამიანების ლაპარაკის ხმა, საყვარელი ადამიანის ხმის ტემბრთან, მანქანების ხმაური-ტელევიზორის, რადიოს ან კომპიუტერის ხმასთან და იქმნება მუსიკა, რომელიც ხშირად გვესმის, მაგრამ იშვიათად აღვიქვამთ.
სახლი არომატების ერთიანობაა....
სამზარეულოს მაგიდაზე ახლად მომზადებული სადილის სუნისა და ყველა მასში მცხოვრები ადამიანების არომატების ერთიანობისა. თანაც ყველა სახლს, როგორც სულიერს თავისი ინდივიდუალური და განსაკუთრებული სუნი აქვს.....
სახლი ფერების ჰარმონიაა.....
ყველა ოთახს თავისი ინდივიდუალური ფერი აქვს, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლება. მზე კი, როგორც მხატვარი, ჯადოსნური ფუნჯით ყველა კედელს თავის განსაკუთრებულ, თბილ ფერებს ანიჭებს..... დილით თითქოს უფერულია, მერე ყვითლის გრადაციები, ნარინჯისფერი, ბოლოს კი ისევ უფერული და რჩება კედლის რეალური ფერი..... მზე რომ ჩადის და ღამდება, მთვარე იწყებს თამაშს თავისი ცივი ფერებით. სახლი ფერების პალიტრაა, მაშინაც კი როდესაც მასში ცოტა ფერია......
სახლი მხოლოდ ჭერი და კედლები არ არის, სახლი იატაკიცაა, რომელიც დედამიწის სხვა კედლებთან შედარებით ყველაზე მყარ ადგილად გეჩვენება, სადაც შეგიძლია თავი ყველაზე თავდაჯერებულად იგრძნო.
სახლი ცოცხალი ორგანიზმია..... ისევე სუნთქავს, როგორც ყველა სულიერი..... მას აქვს თავისი ხასიათი, ფერი, სუნი, ხმის ტემბრიც კი. სახლის ერთი ნახვით შეყვარებაც შეიძლება, ან პირიქით, მის შესაყვარებლად დროა საჭირო.
სახლი თავგადასავლების ადგილია, სადაც აღიქვამ იმას, რასაც ადრე მხოლოდ ხედავდი.
სახლი თავისუფლებაა.....ადგილი, სადაც შეგიძლია უბრალოდ იყო ის, ვინც რეალურად ხარ."
კონკურსანტი: სოფიო აქუბარდია
"თერთმეტი წლის წინ წამოვედი ჩემი კედლებიდან და ჭერიდან, მამისეულს რომ ეძახიან და უპირობო, განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტი რომ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რა გადაგხდენია იმ კედლებში და თავზე გეხურა თუ გემხობოდა ჭერი...
თერთმეტი წლის წინ წამოვედი და მას შემდეგ თერთმეტი სახლი გამოვიცვალე. უკეთ შელესილი კედლებისა და უფრო მაღალი ჭერის იმედით დავდიოდი სახლიდან სახლში და ჩემი შემოსავლის სამოცდაათ პროცენტს ვუზიარებდი სახლის მეპატრონეს, რომელიც დაჟინებული მზერით ცდილობდა გამოეცნო ჩემი გადამხდელუნარიანობა და კიდევ ის, სახლში ორგიებს მოვუწყობდი თუ უბრალოდ სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდებოდი და დავიძინებდი.
ნაქირავებ ბინაში პირველი ღამის გატარება უფრო რთულია, ვიდრე პირველი სექსი მასთან, ვინც არ გიყვარს. ვერაფერს ეკარები, ყველაფერი განსაკუთრებულად უაზროდ განლაგებული და ზეზვას დროინდელი მტვრით არის დაფარული ( ასეც რომ არ იყოს, ასე გეჩვენება). დადიხარ ოცდახუთ კვადრატიან ბინაში და საოჯახო ქიმიით შეიარაღებული ებრძვი სხვისი ცხოვრების ნარჩენებს; მუხლებზე დაჩოქილი ხეხავ მეტლახს და ცხოველური გაშმაგებით ცდილობ ხალიჩებიდან მტვრის განდევნას, ბოლოს იმარჯვებ და იძინებ იმ იმედით, რომ ეს კედლები და ჭერი მაინც გექცევა სახლად. ასე გამოვიცვალე თერთმეტი ბინა, თერთმეტჯერ გამოვიტირე ჩემი უსახლკარობა, თერთმეტჯერ დავამუნათე ჩემი მშობლები, რომ მამისეულის გარდა ვერაფერი მომცეს და მოვედი მეთორმეტე ბინამდე, სადაც მე და ირაკლის ერთად უნდა გვეცხოვრა.
ახლა როცა სახლში ვბრუნდები, ჯერ სარეცხის თოკს გავყურებ: თოკზე თავჩამოხრჩობილივით აღარ ფრიალებს ჩემი კაბა და მის გვერდით გაფენილია ირაკლის მძიმე ჯინსიც. როცა ამ სურათს დავინახავ, კიბეს ჩქარა ავირბენ და კარზე ვაკაკუნებ. თერთმეტი წლის შემდეგ პირველად იღება ჩემი ბინის კარი შიგნიდან და მეც გამარჯვებული ვამბობ: ,,მოვედი’’, რომელსაც საპასუხოდ ირაკლის ,,მოხვედი?’’ ხვდება და ეს დაბალჭერიანი, ხრუშოვის დროს აშენებული ბინაც რაღაც მანქანებით იქცევა სახლად."
კონკურსანტი: გვანცა კალანდაძე
"წარმოიდგინეთ, სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით შინ. გეჩქარებათ. გული ისე გიცემთ, როგორც საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას იცის ხოლმე. ჯიბეში ხშირად სინჯავთ ხელით გასაღებს და შიგადაშიგ, ფიქრებში წასულს უნებლიედ ჩაგეღიმებათ. იცით, ის გელოდებათ, ყველაზე ერთგული, ყველაზე მყუდრო, თბილი, საიმედო საყრდენი. მაინც რამდენის დატევა შეუძლია?! რამდენი ფერის, რამდენი სინათლის, რამდენი ჰაერის. თითქოს ემოციების საცავია, სადაც ყველაფერს თავის ადგილი, თავისი კუთხე აქვს. აი, იმ ოთახს, რამდენი მხიარულება ახსოვს, რამდენი მადისაღმძვრელი სურნელი, რამდენი ყავასთან ერთად გათენებული დილა?!. და აქ?!. ვინ იცის რამდენი წიგნის ფურცელს ითვლის, ეს თბილად განათებული კუთხე, მყუდრო სავარძელი და თარო, რომელზეც შენი საყვარელი პერსონაჟები ბინადრობენ?! საოცარია, სევდის დატევაც შეუძლია, რომელიც ახლა, შორეულ მოგონებად ქცეულა, ტკბილი სიზმრებისაც და თეთრად გათენებული ღამეებისაც. ის არასოდეს გისაყვედურებთ, სად იყავი ამდენ ხანს. ყოველთვის ფართოდ გაგიღებთ კარს და გულში ჩაგიკრავთ, რადგან იცის და თქვენც იცით, რომ ადრე თუ გვიან, ბოლოს, ყოველთვის მასთან დაბრუნდებით.
ნაბიჯს უჩქარებთ, ახლა უკვე, მუჭში მაგრად გაქვთ ჩაბღუჯული თქვენი ახდენილი ოცნების გასაღები და აი ისიც გამოჩნდა, ამაყი და ძლიერი. ჩამქრალი ფანჯრებიდან აკვირდება თქვენს თითოეულ ნაბიჯს. თქვენც უღიმით, ღიად და თამამად. ხედავთ, რომ ქუჩა თქვენნაირი ადამიანებითაა სავსე. უღიმიან თავიანთ ოცნებას და გრძნობთ, ბედნიერება არის იქ, სადაც ცხოვრობ, სადაც გელოდებიან, სადაც მიგიხარია.
გულში ნაბიჯებს ითვლი, რამდენი დაგრჩა მასთან შესახვედრად?!. ერთი, ორი, სამი... სადარბაზოში შედიხარ... არა, -შერბიხარ... ათი, თერთმეტი, თორმეტი... ლიფტი დაკავებულია. აბა რა, მარტო თქვენ ხომ არ გეჩქარებათ შინ?!. საფეხურებს ითვლით... ოცდაერთი, ოცდაორი, ოცდასამი... უკვე თითქოს მისი სუნთქვა გესმით, მისი სუნი გცემთ, ყველაზე ახლობელი, არც ერთ სხვა სურნელში რომ არ აგერევათ... მორჩა. მოხვედით. ღრმად ჩაისუნთქავთ და ვინ იცის, მერამდენედ რწმუნდები, რომ სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი."
კონკურსანტი: ეკატერინე შარიქაძე
"ლუკ ბესონის ცნობილი ფილმის მთავარი გმირი, ლეონი, ნიუ იორკის ერთ-ერთი გამორჩეული დაქირავებული მკვლელია. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მას ხშირად უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ბუნებრივია, რომ ადამიანისთვის, ვინც მუდმივად მიმალვაშია სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა არაკეთილმოსურნეებისაგან, სახლის მთავარი დანიშნულება დაცული გარემოს შექმნაა.
მიუხედავად ამისა, ეს ცივსისხლიანი მკვლელიც კი ყოველ ახალ ბინას დამატებით მნიშვნელობას სძენს. ამაში ლეონს მისი საყვარელი მცენარე - ალგაონემა ეხმარება. რეჟისორი უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი კადრით - ბინაში ახლად გადასული ლეონი ცარიელ ფანჯრის რაფაზე დებს ალგაონემას, გვაჩვენებს, როგორ ხდება უემოციო და პრაგმატული გმირისთვის სახლი უფრო მეტი, ვიდრე თავშესაფარი.
მე, არა ცივსისხლიანი მკვლელი, მაგრამ ლეონივით მყუდრო ბინის ენთუზიასტი, ჯერ ჩემს წარმოდგენებში ვცდილობ მომავალი საცხოვრებლის ისე მოწყობას, რომ უბრალო შენობა გახდეს ჩემი სახლი. ბავშვობიდან მოყოლებული „შინ დაბრუნება“ ყოველთვის იყო სიმშვიდესა და დაცულობასთან დაკავშირებული - სახლის კარის შეღება, ნაცნობი არომატები და სივრცე, რომელიც მაგიურად მოქმედებს შენზე. დროთა განმავლობაში მოთხოვნები გაიზარდა. პანდემიამ კარგად გვაჩვენა, რომ კედლებმა და ჭერმა თავშესაფარზე მეტი ფუნქცია უნდა შეითავსოს და გახდეს მრავალფუნქციური სივრცე - კომფორტული სამუშო გარემო, გასართობი და დასასვენებელი ადგილი, სადაც მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს მიიღებ. მეც ვემზადები.
საოჯახო ნივთების მაღაზიაში სეირნობისას ვათვალიერებ ჩემი მომავალი სახლისთვის პოტენციურად გამოსადეგ ნივთებსა და ავეჯს. ყველაზე მეტად რაც მომწონს იმას ტელეფონის ნოუთებში ვინახავ. მეგობრებთან, ან ნებისმიერ უცხო სახლში ყოფნისას ვიზუალიზაცია ხელს მიწყობს ფანტაზიების განვითარებაში და წარმოვიდგენ რამდენად მისაღებია ჩემთვის სახლის ეს ვარიანტი, სადაც ახლა ვიმყოფები. და მაშინ, როცა დიდი შანსია ჩემი მომავალი ბინის კორპუსი ჯერ ისევ შენდებოდეს - მე პარალელურად ჩემს გონებაში „ვაშენებ“ და ვქმნი ამ სივრცისთვის პირად და ემოციურ გარემოს."
კონკურსანტი: ბექა შათირიშვილი
"სახლი არის მეტი, ვიდრე კედლები და ჭერი - ტერმინოლოგიის უცნაური განლაგებაა, მაგრამ რომ დაფიქრდე სახლი ზუსტადაც რომ არის კედლები და ჭერი, სწორედ სახლის კედლები გაყენებს წაქცეულს ფეხზე, საყრდენად ზურგის მხარეს უცებ მოაჯირად ამოგიდგება და გადაგარჩენს, ატირებული რომ კედლებს ნელი მოძრაობით იატაკისკენ ჩაუყვები, სწორედ ისევ ეგ კედლები განუგეშებს და აგაყენებს, ბედნიერებისგან ან სხვა ემოციებისგან თავბრუდახვეული რომ სახლში მიდიხარ, დასაყრდენად სწორედ სახლის კედლებს იყენებ, მათ ესაუბრები, ეხები, გრძნობ.
მაშინ, როცა წვიმს, ცუდი ამინდია, ქარს ყველაფერი მიაქვს და შტორმი და შინაგანი შფოთვა ახლოა, მართალია, სახლის ჭერი გახურავს და გამშვიდებს, ჭერი რომელიც გიცავს უბედურებისგან და ბევრ ძალიან ბევრ სისხლის მოძრაობის ამაჩქარებელ, თავბრუსდამხვევ ემოციებს იჭერს და ინახავს, კი ეგ შენი სახლის ჭერია.
ახლა კი რომ დავფიქრდეთ, ჭერი არის - ადამიანი შენი სახლიდან, რომელიც მუდმივად გიცავს, შენს დაბრკოლებებს წინ ეღობება, შენს ბედნიერებასა და სითბოზე ზრუნავს, იცის რა გჭირდება, როგორ, გიყურებს გაკვირდება და ყოველთვის შენს გვერდით არის.
იცი? არის მომენტები რომ ხანდახან საკუთარი ჭერი არ გპასუხობს, მაგრამ შენ იცი, რომ ზემოთ არის, გალაქტიკური ენერგიით უგრძნობლად, არაკინესთეტიკურად, მაგრამ იცი, რომ შენთან არის.
კედლებიც ადამიანები არიან, არ გაგიკვირდეს, სწორედ ის ადამიანები არიან რომლებიც შენს სახლში გხვდებიან, მოდიან და მიდიან, მოგონებებს გიქმნიან და სწორედ ისე დგანან ურყევად, მყარად და უდრტვინველად შენს გვერდით, როგორც ეგ შენი საკუთარი სახლის კედლები.
მე მინდა, გახსოვდეს, თითოეულ მოგონებას თავისი კედელი და ჭერი აქვს, რომელსაც შენ ქმნი, ყოველთვის გაქვს იმედი, განცდა, რომ სიმყარე ქმნის შენს ურთიერთობას სხვებთან, ჩვენთან, გარე სამყაროსთან, და ბოლოს, მაინც სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი, საკუთარი გრძნობების, ემოციების, მოგონებების კედლები და ჭერი!
შენი ყველა ადამიანი შენი სახლია, ძალა, ენერგია, მოგონება, რომელიც გასწავლის, გწვრთნის, გატკენს, გაგაბედნიერებს, ყველა ემოციას გამოგაცდევინებს, მერე ფეხზე დაგაყენებს და მიგახვედრებს, რომ სახლის დროა!
დროა ბედნიერების, ემოციების გაზიარების, მოგონებების შექმნისა და დაგროვების!"
კონკურსანტი: ქეთი ღავთაძე
"ძველ ბერძენ ფილოსოფოსს, აბდერას დემოკრიტეს უთქვამს: „ბედნიერება ქონებასა და ოქროში კი არა, არამედ სახლის სულის შეგრძნებაში ცხოვრობს“. დემოკრიტეს შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ყოველ ადამიანს კვლავინდებურად სურს, ჰქონდეს საკუთარი სახლი. რა ფენომენთან გვაქვს საქმე - სურვილი, მიზანი თუ ოცნება?.. ადამიანისთვის ისეთი ადგილის შექმნა, რომელსაც „სახლს“ დაარქმევს, ის იდეალური კონსტანტაა, ათასწლეულებს რომ გაუძლო.
შეიცვალა თუ არა სახლის აღქმა თანამედროვე ყოფაში? ისტორია მეორდება და, ძირეულად, ადამიანებიც ისეთივე არსებებად რჩებიან, როგორებიც თუნდაც დემოკრიტეს თანამედროვენი, ან მის დაბადებამდე იყვნენ. ამ აზრს უდიდესი მოაზროვნეებიც იზიარებენ, მაგრამ იცვლება კაცობრიობის კარკასი - იზრდებიან ქალაქები, მეგაპოლისები ხდებიან, ვითარდება ტექნოლოგიები. ამ ყველაფერს ახალი პრობლემები და, შესაბამისად, ახალი სოციალური მიდგომები მოჰყვება. ადამიანი კი ადამიანად რჩება, ხოლო სახლი - ისევ იმ ტკბილ განსასვენებლად, სადაც სიმშვიდეს, კომფორტსა და სრულ იდილიას ვგრძნობთ. სამყაროს აჩქარებული ტემპის პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი დამღლელი დღეების შემდეგ, როგორებიც თანამედროვეობას სჩვევია, სახლი უფრო დიდ ნეტარებად იქცა, ვიდრე ადრე იყო...
თუმცა სახლის გაგება მაინც ინდივიდუალურია და ყველა ადამიანისთვის განსხვავებულ ასოციაციას იწვევს. პირადად ჩემთვის სახლი - ცხელი ჩაი, სითბო, სიმყუდროვე, ნათურის ყვითელი შუქი და საღამოს ტელევიზორის წინ მოკალათებული ოჯახია. სახლი ის ადგილია, ყველა კუთხე რომ კონკრეტულ მოგონებას გვიღვიძებს და თანაც არაერთს; სახლი ის აურაა, რომელიც სხვაგან წასვლის სურვილს გართმევს და მონატრებაა, რომელიც სხვაგან წასულს ისევ სახლში გაბრუნებს; სახლი არა კონკრეტული შენობა, არა კონკრეტული ოთხი კედელი და ჭერი, არამედ ის იდეაა, რომელიც ადამიანის ადამიანური საწყისის განუყოფელი ნაწილია.
და მაინც, როგორ უნდა განვმარტოთ „სახლი“? სახლი იმდენად უნივერსალური რამაა, რომ მას უნივერსალური განმარტება ვერ ექნება - მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ადამიანს თავისი სახლი აქვს და სახლის იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენი გულიც ძგერს სამყაროში."
კონკურსანტი: ლუკა დოლიძე
"ცუდ ხასიათზე ყოფნისას, ხშირად დავკვირვებივარ, ჩემი მოპირდაპირე კორპუსის სახლის ფანჯრებს.
ზოგი ფანჯრიდან წყვილის კოცნა მოჩანდა, მეორიდან ძაღლი, რომელიც პატრონს ბურთით თამაშს ეხვეწება. ერთ ფანჯარაში დიდი ოჯახის სადილიც დავინახე, სხვაში კი მოხუცი ბებია და ბაბუა, ერთმანეთთან ჩახუტებულები, ტელევიზორს რომ უყურებდნენ.
ზოგჯერ სახლის ფანჯრები, ფილმზე და წიგნზე მეტ ისტორიას გვაჩვენებს. ეს ყველაზე რეალური ცხოვრების ამბებია, რადგან საკუთარ სახლში არავინ თამაშობს.
სახლი სიმყუდროვე და კომფორტია, რომელიც ყველას ისეთი გვაქვს როგორადაც გვესმის.
ზოგი ადამიანი სახლს, მთავარ თავშესაფრად აღიქვამს, ზოგი კი უბრალოდ დასაძინებელ სასტუმროს ნომრად.
სხვაობა მხოლოდ იმაშია, როგორი სული აქვს სახლს. რამდენი მცენარეა, ან როგორია სავარძელი?!
როგორ დგას ტელევიზორი, ან რამდენად მძაფრად ისმის ქალაქის ხმაური?
ჩემთვის სახლი ის სიმყუდროვეა, რაც ჩემი სახლის მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში ჩანს. სიმშვიდე და სიყვარული, კომფორტულ სავარძელზე შემოწყობილი ფეხები და ლამაზი ბუხარი. რა თქმა უნდა, ბუხართან ჩემი ძაღლიც წევს, მის გარეშე ხომ სახლს, სახლის სურნელი ვერ ექნებოდა.
სახლის სურნელი? კი! ყველა სახლს რომ საკუთარი „არომატი“ აქვს ამაზე მეეჭვება ვინმე შემედავოს.
ემიგრანტებს ხომ სწორედ ეს სურნელი ენატრებათ?
არ აქვს მნიშვნელობა, მაიამიზე ხარ, თუ მალდივებზე, სახლი მხოლოდ იქ გელოდება, სადაც შენი ნივთები, ავეჯი, კედლები და სურნელია.
რთულია დაიძინო წითელი ფერის კედლებში, როდესაც შენი საკუთარი ოთახი ცისფერი ფერისაა.
რთულია, გემრიელი შხაპი მიიღო, იქ სადაც შენი ნივთების ნაცვლად უცხო ადამიანების კბილის ჯაგრისები, ან შხაპის გელები დევს.
რთულია, შენს საყვარელ რეჟისორს იმ ტელევიზორში და ოთახში უყურო, რომელშიც სავარძელი უცხო და ნაკლებად ფუმფულაა. შენ ხომ დიდ ლურჯ ბალიშებიან სავარძელს ორი თვის განმავლობაში არჩევდი?
ყველაზე მეტად, კი რთულია, შენს საყვარელ მუსიკას უცხო გარემოში და უცნაურად მოხატულ კედლებში მოუსმინო.
სახლი არის ძალა, რომელშიც ყველა ადამიანი რეფლექსირდება, ისვენებს, ფიქრობს, ცოცხლდება და კვდება. სახლი ცხოვრებაა."
კონკურსანტი: ციკო ინაური