თბილისში მიმდინარეობს ტრენინგი „ევროკავშირი ენერგოეფექტურობისთვის“, რომელსაც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო ატარებს. დღეს კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლა და გააცნო კომპანიის პროექტების ენერგოეფექტურობის კვლევა.
პრეზენტაციის შემდგომ მონაწილეებმა m²-ის ენერგოეფექტური მშენებარე კომპლექსი m² ყაზბეგზე 2 მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტური მასალების გამოყენების ტექნოლოგიას.
ტრენინგს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
ტრენინგი 5 მოდულისგან შედგება: 1) მშენებლობა, 2) ინდუსტრია, 3) განათება, ელექტრომოწყობილობები და აღჭურვილობა, 4) ტრანსპორტი და 5) ენერგოეფექტურობის სტატისტიკა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჩამოთვლილი მოდულებიდან აერჩიათ ერთ-ერთი, რომელსაც თავად თვლიდნენ საჭიროდ და სასარგებლოდ.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო, რომელიც უძღვება პროგრამას - ევროკავშირი ენერგოეფექტურობისთვის. პროგრამა დააარსა ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი (სამიზნე ქვეყნები).
პროგრამა მიზნად ისახავს, იმუშაოს და დაეხმაროს 11 ბენეფიციარ ქვეყანას არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებაში, მონიტორინგის გაძლიერებასა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, არამედ დაეხმაროს ბენეფიციარებს ამა თუ იმ ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ენერგო-პოლიტიკის შემუშავებაში.