დეველოპერულმა კომპანიამ m² და არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, დეველოპერული კომპანია m², ხდება ქვეყანაში პირველი დეველოპერი, რომელიც შეიმუშავებს და სტანდარტის სახით დაამკვიდრებს, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის ეტაპზევე, ყველა კატეგორიის შშმ პირების მოთხოვნილებების და საჭიროებების გათვალისწინებას უნივერსალური დიზაინის ნორმალების დაცვით. აღნიშნული გეგმა შესაძლებელს გახდის, საცხოვრებელი თუ კომერციული ფართი დაიგეგმოს იმგვარად, რომ გარემო ბარიერებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და მოერგოს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას.
ხსენებული გეგმის შემუშავებაში, დეველოპერულ კომპანიას m² კონსულტაციას გაუწევს „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, რომელიც ფლობს შშმ პირების საკითხებზე მუშაობის არაერთი წლის გამოცდილებას. აღნიშნული გეგმა დაეყრდნობა გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის „შშმ პირების უფლებების დაცვის კონვენციას“. რომელიც შშმ პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის შესაბამისი ზომების მიღებას ითვალისწინებს. ხსენებული გეგმა, შეიქმნება სახლემძღვანელოს სახით და მის გამოყენებას ნებისმეირი არქიტექტორული კომპანია შეძლებს. გეგმა შეეხება როგორც ნაგებობას, ასევე ეზოს და ბინის ინტერიერს, მათ შორის. შეიქმნება შშმ პირთათვის ადაპტირებული ბინის სველი წერტილის, ჩამრთველის, კარისა და ინტერიერის სხვა ელემენტების მოდელები.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ასევე მოახდენს კომპანია m²-ის ახალი სამშენებლო პროექტების მშენებლობის პროცესისა და დასრულებული შენობების მონიტორინგს. დასრულებულ მშენებლობას გადაეცემა კომპლექსის შშმ პირებზე სრულად ადაპტირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დეველოპერული კომპანია m²-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია m²-მა უკვე დააფინანსა თბილიში ვაჟა-ფშაველას გამზირის სრული ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, სადაც ჯამში 183 პანდუსი დამონტაჟდა. ხოლო ყაზბეგის გამზირზე m²-ის დაფინანსებით 107 პანდუსი მოეწყო. აღნიშნული პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „სიცოცხლის ხის“ მხარდაჭერით.
მიჰყევით ბმულს და იხილეთ ვიდეო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის შესახებ.