საოჯახო ტიპის სახლი მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებისთვის

ივნისი 23, 2017

კომპანია „m² უძრავი ქონების“ დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ,-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ და USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძემ საძირკველში კაფსულის ჩაგდებით აღნიშნეს.


აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.


აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.


-სთვის დიდი პატივია ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები და ჩვენ, ყველამ ერთად - სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორებმა ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“ - განაცხადა -ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


„სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გავხსენით ერთი ასეთი ტიპის დაწესებულება ქუთაისში, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან რამდენიმე ბავშვი გადავიდა ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად. ამ მცირე საოჯახო სახლის აშენება საშუალებას მოგვცემს, დამატებით რამდენიმე ბავშვი გადავიყვანოთ დიდი ინსტიტუციიდან ისეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები იქნება. იმედი გვაქვს, კერძო სექტორი კიდევ უფრო დაინტერესდება მსგავსი ინიციატივებით და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაეხმარება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს“ - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.


„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, განათლება, ბევრი ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და დიდი ზომის ბავშვთა სახლში ცხოვრობს“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პიერ ფერი. „ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის, კონკრეტულად m²-ის მხარდაჭერას სპეციალიზებული მომსახურებების განვითარების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინკლუზიაში“.


„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა ინტეგრირებასა და ინკლუზიას. 2017 წლის მარტის თვეში საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, შრომის, ჯანდაცვისა, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭერა ქუთაისის სპეციალიზებული მომსახურების გახსნას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მეორე ასეთი მომსახურების შექმნას თბილისში. სპეციალიზებული მომსახურებები შშმ ბავშვებს განვითარებისა და ინტეგრირების მეტ შესაძლებლობებს შესძენს“ - აცხადებს USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.


მსგავსი სიახლეები