სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m² უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტროსა და m²-ის შვილობილ კომპანია BK Construction-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებასა და განვითარებას გულისხმობს.
ახალი კოლეჯი, დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით წელიწადში 200-ზე მეტ სტუდენტს მოამზადებს და მსურველებს ასევე შესთავაზებს 20-ზე მეტ მოკლევადიან პროფესიულ კურსს საინჟინრო მიმართულებით. კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელი სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც უმასპინძლებს. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს, რომელიც m²-ის ობიექტებზე ჩატარდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე m²-ისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანს საკუთარ პროექტებში მხოლოდ პროფესიონალების დასაქმება წარმოადგენს, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაც შეუწყობს ხელს.