კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ლანდშაფტის აღდგენას საკუთარ თავზე იღებს. რეაბილიტაციის ინიციატივა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს დღეს გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციის პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან.
კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად დეტალურ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა.
მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კომპანია „m² უძრავი ქონება“, მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას.